The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ჯაფარიძე

ვახტანგ ჯაფარიძე
Date of birth:1 March, 1911
Date of death:9 April, 1993  (at 82 years)
Category:Archaeologist, Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1930 წელს.

1930-1936წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რადიოცენტრის მიერ ქართული გადაცემების დიქტორად; 1935 წელს მონაწილეობა მიიღო ივ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილ ექსპედიციაში; ექსპედიციის წევრებს საქართველოს ყველა კუთხეში უნდა შეეკრიბათ მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის. ვ. ჯაფარიძე, როგორც ამ ჯგუფის ერთერთი წევრი, ორი თვე აგროვებდა მასალებს ხევში, მთიულეთ-გუდამაყარში და ქართლში მტკვრის ჩრდილოეთით (მდ. ქსნისა და ლიახვის ხეობებში); 1936 წელს ვ. ჯაფარიძე ჩაირიცხა შოთა რუსთაველის და მისი ეპოქის მუზეუმში, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, სადაც დაიწყო მუშაობა შუა საუკუნეთა საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიის საკითხებზე, კერძოდ თიხის ჭურჭლის შესწავლაზე; 1936-37წწ. მუშაობდა დმანისისა და გეგუთის არქეოლოგიურ ექსპედიციებში; 1938-1939წწ. მონაწილეობდა "შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურის" საიუბილეო გამოფენის მოწყობაში; 1939-1941წწ. მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სამთავროს რაზმში მ. ივაშჩენკოსა და ალ. კალანდაძის ხელმძღვანელობით; 1939-1941წწ. თრიალეთისა და მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული არქეოლოგიური მასალების გამოფენის მომზადებაში, რომელიც მოეწყო საქართველოს სახ. მუზეუმში აკად. ს. ჯანაშიას ხელმძღვანელობით; 1940-1941წწ. იყო ქართული ხელოვნების ისტორიის სექტორში ( შემდგომში ინსტიტუტი, ამჟამად ცენტრი) უმცროსი მეცნიერ  თანამშრომელი; 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1946 წლიდან  იწყებს მუშაობას საქართველოს სახ. მუზეუმის ისტორიის განყოფილებაში უმცრ. მეცნ. თანამშრომლად, იმავე წელს გადაყავთ ფონდების სწავლული მცველის თანამდებობაზე; 1952 წლიდან მუზეუმის სწავლული მდივანია; 1954 წელსს მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით აღდგა შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მატერიალური კულტურის გამოფენა; 1958-1971წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში; 1960 წელს მოსკოვში აღმოსავლეთმცოდნეთა საერთაშორისო XXV კონგრესზე ვ. ჯაფარიძის  ხელმძღვანელობით მოეწყო ძველი ქართული ნივთიერი კულტურის ძეგლებისა და ქართული სამეცნიერო ლიტერატურის გამოფენა, რისთვისაც მუზეუმსა და ვ. ჯაფარიძეს კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის მადლობა და მას პირადად სამახსოვრო მედალი გადაეცა; 1960 წლიდან მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით მუშაობა განაახლა დმანისის არქეოლოგიურმა ექპედიციამ, რომელსაც  იგი უცვლელად  უძღვებოდა 1992 წლის ჩათვლით; დაიწყო ფართო მასშტაბური არქეოლოგიური კვლევა-ძიება არა მარტო დმანისის ნაქალაქარზე, არამედ ქვემო ქართლში; იგი ქვემო ქართლში ჩავიდა ვრცელი და  ყოვლის მომცველი პროგრამით, რომელიც ითვალისწინებდა აკად. ნ. ბერძენიშვილის მიერ შეთავაზებულ ცალკეულ მხარეთა კომპლექსური შესწავლის მეტად გონივრულად შედგენილ პროგრამას; ექსპედიციამ 1960-1992 წლებში ქვემო ქართლში გამოავლინა ნასოფლარები, სამაროვნები, ხელოსნობისა და დამწერლობის უნიკალური ნიმუშები. სწორედ ამ მასალების შემაჯამებელ კვლევას მიეძღვნა მოგვიანებით, 1982 წელს მის მიერ გამოქვეყნებული მონოგრაფია "ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლში"; 1971-1987წწ. იყო აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნათმეცნიერების ინსტიტუტის შუა საუკუნეთა ხანის არქეოლოგიურ განყოფილებაში ჯერ უფროს მეცნ. თანამშრომლად, შემდეგ ხელმძღვანელად; 1973 წელს მონაწილეობს ქ. ასტრახანში მიძინების ტაძრის ტერიტორიაზე ქართველ მეფეთა, ვახტანგ VI-ის და თემურაზ II-ის, სამარხების შესწავლაში (ისტ. გ. პაიჭაძესთან და ფოტ. ნ. არჩვაძესთან ერთად ); 1974 წელს გამოაქვეყნდა სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი "ქართული ისტორიული ძეგლები ქალაქ ასტრახანში" (გ. პაიჭაძის თანაავტორობით). 1983 წელს კონსულტაციას უწევს მოსკოვის დონის მონასტერში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს;  1975 წელს მისი ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით ისტორიის ინსტიტუტთან ჩამოყალიბდა საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიის საპრობლემო ჯგუფი, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული აკად. ივ. ჯავახიშვილის თაოსნობით 40 წლის წინ შეგროვებული მასალების გამოცემა; 1976-1992წწ. გამოიცა 9 წიგნი, რომელთაგან იგი არის 3 ტომის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი, ხოლო მის მიერ შეგროვებული მასალები დაბეჭდილია ყველა წიგნში. ქართული ისტორიოგრაფიის ამ ფუნდამენტურ ნაშრომს 1994 წ-ს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემია (მეცნიერთა ჯგუფთან ერთად). მას გამოუქვეყნებელი დარჩა 10 თაბახიანი ნაშრომი "მასალები ქართული მეჭურჭლეობის ტერმინოლოგიისათვის", დაუმთარებელი ნარკვევები შუა საუკუნეების საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იყო მრავატომეულისათვის "საქართველოს არქეოლოგია", მუშაობდა მონოგრაფიაზე "ნაქალაქარი დმანისი", 2 ტომიან განმარტებით ილუსტრირებულ ლექსიკონზე, სადაც თავმოყრილი იქნებოდა შინამრეწველობის მასალებში არსებული ტერმინები, ამზადებდა კრებულს "დმანისი"; თანაავტორია წიგნისა "თბილისის ისტორია" (ტ.1, 1990). ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კერამიკული წარმოება XI-XIII სს-ის საქართველოში (არქეოლოგიური მასალების მიხედვით)", დაიცვა 1956 წელს.                               

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1004-1005; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.58

Awards and Honors

  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1976-1992 წლებში გამოცემული ნაშრომისათვის - "მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის" 5 ტომად (9 წიგნად)

Bibliography


Share: