The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ანტონ ლუკეში

ანტონ ლუკეში
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1870  (154 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სპორტული ტანვარჯიში

ბიოგრაფია

დაიბადა ბროდში (ჩეხეთი). ცნობილი ტანმოვარჯიშე და მწვრთნელი. ჩეხეთის ”სოკოლის” კავშირის რეკომენდაციით 1896 წელს დანიშნეს ტანვარჯიშის მასწავლებლად თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. ჩამოაყალიბა ტანვარჯიშის მოყვარულთა ჯგუფი, დააარსა საზოგადოება ”სოკოლის” თბილისის ორგანიზაცია, აწყობდა სახალხო ტანვარჯიშულ დღესასწაულებს და შეჯიბრებებს, აღზარდა არაერთი ცნობილი ტანმოვარჯიშე (გიორგი ეგნატაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, გაიოზ ბერელაშვილი, ირაკლი ლორთქიფანიძე და სხვები).  მისი ხელმძღვანელობით თბილისელი ტანმოვარჯიშეები წარმატებით გამოვიდნენ ”სოკოლის” პრაღის საერთაშორისო შეკრებებზე (1907, 1912 წწ.). სხვადასხვა დროს ტანვარჯიშს ასწავლიდა მიხეილის სამხედრო სასწავლებელში, ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტში, 1908 წელს დააარსა კურსები _ ”კავკასიის სამოსწავლო ოლქის ტანვარჯიშობის ყოველწლიური პედაგოგიური სამზადისი”, შეადგინა და გამოსცა ხუთი სახელმძღვანელო. 1918 წელს აირჩიეს თბილისის ”შევარდენის” საპატიო წევრად. ჩეხეთში დაბრუნდა 1919 წელს.
1921 წლის 10 იანვრით დათარიღებულ ავტობიოგრაფიაში ანტონ ლუკეში წერს: ”თვალცრემლიანი და გულდამწვარი ვემშვიდობებოდი მე საყვარელ ადგილს, რომელიც ჩემს მეორე სამშობლოდ გადაიქცა. მოხარული ვიქნებოდი მემუშავნა კიდევ ჩემ საყვარელ საქმის პირმშო სკოლის სასარგებლოდ და ასაყვავებლად, მაგრამ ბედმა სხვაფრივ გადასწყვიტა … ნუ მომიგონებთ უმადურათ. ყოველი თქვენი წარმატება, ყოველი თქვენი პროგრესი, ძლიერ გამახარებს. უსურვებ რა ყოველსავე კარგს ჩემთვის საყვარელ ”შევარდენს”, მიიღეთ საყვარელნო ძმებო და დებო, და შენ, ქართველო ახალგაზრდობავ, ძმური სალამი ”Наздар”. გაუმარჯოს საქართველოს რესპუბლიკას, ნახვამდის პრაჰაში, თავისუფალ ჩეხია-სლოვაკიის რესპუბლიკაში. თქვენი ანტონ ლუკეში”. (ჟურნალი ”შევარდენი”, 1922 წ. N1).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  320 გვ.


გააზიარე: