Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
გივი კარტოზია
Biographyსაბჭოთა კავშირის მრავალგზის, ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გივი ალექსანდრეს ძე კარტოზია დაიბადა ქ. ბათუმში 1929 წელს. 1932 წელს გივის მშობლები საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ. 1936 წელს გივიმ სწავლა დაიწყო თბილისის მე-5 რკინიგზის საშუალო სკოლაში. 1944 წელს 15 წლის გივი მოხალისედ წავიდა საბჭოთა არმიაში. 1945 წელს დაბრუნდა თბილისში და იმ წელსვე მოხვდა ფიზკულტურის ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ (1948 წ.) სწავლა განაგრძო ფიზკულტურის ინსტიტუტში, სადაც სწავლობდა 1956 წლამდე. 1945 წელს ის შევიდა ჭიდაობის სექციაში. მისი სპორტული მონაცემები შეუმჩნეველი არ დარჩენია მწვრთნელ გ. ვარძელაშვილს. 1947 წელს საბჭოთა კავშირის პირველობაზე ჭაბუკთა შორის დაიკავა II ადგილი. ამავე წელს მან დაიკავა მოზრდილთა შორის მეორე ადგილი და გაიმარჯვა „ბოლშევიკის“ ცენტრალური საბჭოს პირველობაზე. 1948 წელს ამიერკავკასიის მოძმე რესპუბლიკების სპარტაკიადაზე დაიკავა პირველი ადგილი და გახდა სპარტაკიადის ჩემპიონი. ის სპარტაკიადის ჩემპიონი იყო აგრეთვე 1950, 1952, 1956 წლებში. 1948 წელს გახდა „ისკრის“ ცენტრალური საბჭოს ჩემპიონი. 1949 წელს ის საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრია. ამავე წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი და საკავშირო პროფსაბჭოს პირველობაზე მოიგო 6 შეხვედრა. 1950 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება. 1951 წელს ბერლინში III მსოფლიო ფესტივალზე ჩატარებულ IX სტუდენტთა თამაშებში მან პირველი ადგილი მოიპოვა. ამავე წელს ერევანში საბჭოთა კავშირის პირველობაზე ზედიზედ მოიგო შეხვედრები და საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა. 1952 წელს სოფიაში გამართულ დემოკრატიული ქვეყნების ტურნირში დაიკავა პირველი ადგილი, სადაც გადაეცა სპეციალური ჯილდო საუკეთესო ტექნიკისთვის. ამავე წელს გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის პირველობაზე და მეორედ მიიღო ოქროს მედალი, რის შემდეგაც ბუქარესტში IV მსოფლიო ფესტივალზე ჩატარებულ პირველ საერთაშორისო მეგობრულ თამაშებში დაამარცხა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და დაიკავა პირველი ადგილი. ამავე წელს მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება ნეაპოლში მსოფლიო პირველობაზე, საიდანაც გივი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა სამშობლოში. გივი კარტოზია პირველი ქართველი მოჭიდავეა, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1953 წელს მას მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. 1954 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო შეხვედრებში შვეციასა და ნორვეგიაში. ამავე წელს რიგაში გამართულ საბჭოთა კავშირის პირველობაზე კვლავ შეინარჩუნა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონის საპატიო სახელი. ამავე წელს ტოკიოში დაამრცხა მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ირანელი ზანდი. 1955 წელს მონაწილეობდა კარლსრუეში ჩატარებულ მსოფლიო პირველობაზე კლასიკურ ჭიდაობაში და დაამარცხა მსოფლიოში ცნობილი ათლეტები. აქ გივიმ მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის სახელი. 1956 წელს სტამბოლში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში თავის წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო მელბურნის XVI ოლიმპიურ თამაშებში და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. 1958 წლის ივლისში ქ. ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო პირველობაზე ქართველმა ფალავანმა მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის უმაღლესი ტიტული. კლასიკური ჭიდაობის უბადლო ოსტატს ჩატარებული 72 საერთაშორის შეხვედრიდან მოგებული აქვს 70 შეხვედრა! გივი კარტოზიას მიღებული აქვს საკავშირო და საქართველოს ალკკ ცკ-ის მრავალი საპატიო სიგელი, უმაღლესი საბჭოსა და ფიზკულტურის კომიტეტის სიგელები. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |