Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ტიტე მარგველაშვილი
Biographyფილოსოფიის დოქტორი ტიტე (ტიტუს) მარგველაშვილი დაიბადა 1890 წლის 2 აპრილს ქუთაისში, თადეოზ (ფეოდოს) იოსების ძე მარგველაშვილისა და პელაგია ჭავჭანიძის ოჯახში. თადეოზი მუშად მუშაობდა ქუთაისის თამბაქოს ფაბრიკაში, მაგრამ 1896 წელს იგი ჭიათურაში გაემგზავრა და სიმამრთან ერთად მარგანეცის მოპოვებას შეუდგა. რამდენიმე წელიწადში გამდიდრდა კიდეც და მარგანეცის მრეწველი და მემამულე გახდა - ქუთაისში, დასახლება ჭიშურა–ბროლიკეთში შეიძინა დიდი მამული, ამავე ქალაქში ფლობდა ორ საცხოვრებელ სახლს, ოთხ მაღაზიას, ხოლო ჭიათურაში – მარგანეცის საექსპლუატაციო საწარმოს. ტიტე მარგველაშვილმა დაწყებითი განათლება მიიღო 1899-1908 წლებში, ქუთაისში, ილარიონ მატარიძის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელში. 1909 წელს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შემაჯამებელი გამოცდა ჩააბარა და ამავე წლის ნოემბერში ლაიფციგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც რვა სემესტრი გაიარა ფილოსოფიურ ფაკულტეტზე. 1913 წლიდან სწავლობდა დოქტორანტურაში ჰალე-ვიტენბერგის ფრიდრიჰის უნივერსიტეტში. გერმანიაში სწავლას ძირითადად ოჯახი უფინანსებდა, თუმცა იგი, როგორც „ბეჯითი სტუდენტი“ „სიეზდის“ სტიპენდიასაც იღებდა. 1911–1912 წლებში საზაფხულო არდადაგების დროს ტიტე მარგველაშვილმა იმოგზაურა შვეიცარიასა და საფრანგეთში, ხოლო 1914 წლის დასაწყისში სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ლონდონში. ამ ქვეყნებში მისი ხანგრძლივი ვიზიტების მიზანი უცხო ენების უკეთ დაუფლება იყო. ტიტე მარგველაშვილს ლაიფციგში სწავლისა და სადოქტორო თემაზე მუშაობის პერიოდში მიმოწერა ჰქონდა როგორც ექვთიმე თაყაიშვილთან, რომელსაც თემის დამუშავებისათვის საჭირო ლიტერატურის დასახელებასა და შესაბამისი წიგნების გაგზავნას სთხოვდა, ასევე, ივანე ჯავახიშვილთან, რომლისგანაც რეკომენდაციებს იღებდა სადოქტორო და სხვა კვლევით თემებთან დაკავშირებით. ივანე ჯავახიშვილი დაინტერესებული ყოფილა გერმანიაში უმაღლესი განათლების მიღების მიზნით მყოფი ქართველი ახალგაზრდებითა და მათი საქმიანობით და ტიტე მარგველაშვილი, როგორც ლაიფციგში ქართული (სტუდენტების) სათვისტომოს თავმჯდომარე, აწვდიდა მას საანკეტო ინფორმაციას სტუდენტების შესახებ. 1914 წელს ტიტე მარგველაშვილმა ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია – „კოლხეთი, იბერია და ალბანეთი ძვ. წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის მიჯნაზე, სტრაბონის განსაკუთრებული გათვალისწინებით“. იმავე წლის მაისში საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1914-1917 წლებში იგი მუშაობდა უცხო ენების პედაგოგად ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში; პარალელურად თანამშრომლობდა ქუთაისსა და თბილისში გამომავალ სხვადასხვა (ძირითადად, ეროვნულ-დემოკრატიული წრეების სულისკვეთების გამომხატველ) პერიოდულ გამოცემებთან და კულტურული, ისტორიული, ეკონომიკური და პოლიტიკური შინაარსის წერილებს აქვეყნებდა. ეს სტატიები ემსახურებოდა ეროვნული იდეოლოგიის გაღრმავებას. ტიტე მარგველაშვილი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. 1917 წელს თბილისში გამართულ პარტიის პირველსავე კონფერენციაზე აირჩიეს მთავარი კომიტეტის წევრად. იმ წლებშიც და შემდგომაც, ემიგრაციაში ყოფნისას იგი კვლავ აქტიურ ნაციონალ–დემოკრატად რჩებოდა. 1918 წლის 26 მაისს, ტიტე მარგველაშვილმა, როგორც საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრმა, ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ამავე წლიდან იგი ჩართული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გატარებულ საერობო (რეგიონული "სამაზრო" თვითმმართველობები) რეფორმაში და გახლდათ რეფორმის მთავარი ინსტრუქტორი. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე ერთი კვირით ადრე, ტიტე მარგველაშვილი გაემგზავრა ბათუმში, იქიდან კი გემით „ოლენ“ სტამბოლში, იმ სხვა მრავალ ადამიანთან ერთად, რომლებმაც მაშინ ქვეყანა დატოვეს. 1921 წლის ივლისში იგი სტამბოლიდან ბერლინში ჩავიდა. მისი მეუღლე მარიამ ხეჩინაშვილი და ქალიშვილი, ელიზაბეტ მარგველაშვილი ბერლინში მოგვიანებით, 1922 წელს ტიტეს ძმამ ვასიკო მარგველაშვილმა ჩაიყვანა. აქვე, 1927 წელს შეეძინათ შვილი - გივი მარგველაშვილი. 1921-1923 და 1941–1945 წლებში ტიტე მარგველაშვილი თავმჯდომარეობდა ბერლინის ქართულ სათვისტომოს. იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქართულენოვან ბეჭდვით ორგანოებში აქვეყნებდა ეროვნული შინაარსის სტატიებს, სადაც ხაზგასმული იყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის აუცილებლობა; ასეთივე შინაარსის მოხსენებებით გამოდიოდა ბერლინის ქართული კოლონიის შეკრებებზე; იყო ბერლინის პოლიტიკური კომისიისა და ემიგრაციაში მოქმედი „ქართული პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ბერლინის განყოფილების წევრი. 1921–1927 წლებში ტიტე მარგველაშვილი მუშაობდა ბერლინის სავაჭრო ფირმა „იმპეკსში“, 1927–დან–1929 წლამდე – გერმანიის სატრანსპორტო აქციონერულ ორგანიზაცია „ფრაბში“, 1933 წლამდე – ფირმა „რემუსში“ აგენტ–ექსპედიტორად. 1930–იანი წლებიდან გერმანიაში დაიწყო ნაციონალ– სოციალისტური მუშათა პარტიის აღზევება. ქართველი ეროვნულ–დემოკრატები ემიგრაციაში, თავიდანვე ცდილობდნენ დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინათ გერმანელ ნაციონალ-სოციალისტებთან, რათა ქართულ სათვისტომოს დაბრკოლებების გარეშე შეძლებოდა მუშაობის გაგრძელება; დიპლომატიური ურთიერთობებით ისინი იმედოვნებდნენ, გაემყარებინათ საქართველოს პოზიციები გერმანიის ახალ ხელისუფლებასთან. ტიტე მარგველაშვილი იყო 1933 წელს ბერლინში შექმნილი ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციის პირველი თავმჯდომარე; ორგანიზაცია მიზნად ისახავდა იქ არსებული ყველა ანტისაბჭოთა ემიგრანტული ჯგუფის გაერთიანებას; ასევე, გერმანიაში ქართული კულტურისა და ისტორიის, ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაციას. 1933 წელს ტრაგიკულად (თვითმკვლევლობით) დაამთავრა სიცოცხლე მარიამ ხეჩინაშვილმა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბავშვებზე ზრუნვის მთელი სიმძიმე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობით და ყოველდღიური სარჩოს მოპოვებით ისედაც გადატვირთულ ტიტე მარგველაშვილს დააწვა. შესაძლოა, ეს გარემოება ყოფილიყო აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი დროებითი ჩამოშორების მიზეზი. სწორედ ამ პერიოდში იწყებს ის სხვადასხვა სამეცნიერო პერიოდიკაში, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის, ეთნოგრაფიის და ტრადიციული კულტურის შესახებ ნაშრომების გამოქვეყნებას. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქართველ და გერმანელ ნაციონალისტთა ურთიერთობა და თანამშრომლობა. 1941-1942 წლებში, ტიტე მარგველაშვილი, სხვა ნაციონალური მსოფლმხედველობის მქონე ემიგრანტებთან ერთად, ოფიციალურად მუშაობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მცირე ხნით ხელმძღვანელობდა ე. წ. ქართულ რედაქციას, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა პროპაგანდული მასალების თარგმნა და შემდეგ რადიოთი გადაცემა. ეს მასალები ეხებოდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ, საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებს, საბჭოთა რეჟიმის სიმკაცრეს და სხვა. 1942 წელს მარგველაშვილი წავიდა სამინისტროდან და მას მერე მისი საქმიანობა ქართულ სათვისტომოში მუშაობით შემოიფარგლებოდა. 1945 წლის დასაწყისში, როცა მეორე მსოფლიო ომის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო, ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი სათათბიროდ შეიკრიბა ქალაქ ზალცბურგში. მათ ემიგრაციის სამომავლო გეგმებზე უნდა ემსჯელათ; ზალცბურგის შეკრებაზე. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, უკან აღარ დაბრუნებულიყვნენ და ასე აერიდებინათ თავი საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან შესაძლო რეპრესიებისათვის. თუმცა, ტიტე მარგველაშვილი, ვაჟთან ერთად დაბრუნდა ბერლინში, რადგან სახლში ქართული სათვისტომოს დოკუმენტაცია და რიგი მოუგვარებელი საქმეები ჰქონდა დატოვებული. როგორც გივი მარგველაშვილი იხსენებს, ეს იყო ერთ-ერთი ბოლო სამგზავრო მატარებელი, რომელიც ბერლინში შევიდა. ამ დროს ტიტე მარგველაშვილის ქალიშვილი უკვე გადასული იყო იტალიაში. მოგვიანებით იგი არგენტინაში, ბუენოს-აირესში გადასახლდა, სადაც ცხოვრობდა კიდეც გარდაცვალებამდე, 2003 წლამდე. ომის დასრულების შემდეგ მარგველაშვილები ბრიტანულ სექტორში ცხოვრობდნენ და თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდნენ. ტიტე საბჭოთა დანაყოფებთან თარჯიმნადაც კი მუშაობდა. თუმცა უსაფრთხო ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა: 1945 წელს იგი ვაჟთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში და პირდაპირ ბერლინის აღმოსავლეთ სექტორის კომენდატურაში წარადგინეს, სადაც ერთი ღამის გატარების შემდეგ ერთმანეთს დააშორეს. გივი, საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, რომელიც ამ პერიოდში უკვე საბჭოთა ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა. მან ბანაკში 2 წელი დაჰყო და შემდეგ თბილისში, ნათესავებთან ჩამოიყვანეს. რა დაემართა ტიტე მარგველაშვილს, დიდხანს არავინ იცოდა. ტიტე მარგველაშვილის სისხლის სამართლის პროცესი 1946 წლის მარტში მოსკოვში დაიწყო და 9 სექტემბერს თბილისში დასრულდა. იგი დამნაშავედ სცნეს და როგორც საზოგადოებისათვის საშიშ პიროვნებას, სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს, მთელი ქონების კონფისკაციით. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1946 წლის 17 ოქტომბერს. 1990 წელს საქართველოს სსრ პროკურატურამ უარი თქვა ტიტე მარგველაშვილის რეაბილიტაციაზე. ბერლინიდან მამა-შვილის გაუჩინარების შემდეგ, უცნობია, რა ბედი ეწია მათ ბინაში დარჩენილ დოკუმენტებს, სადაც ტიტე მარგველაშვილის პირადი ჩანაწერებისა და ნაშრომების გარდა, გერმანიაში ქართული სათვისტომოს სამუშაო დოკუმენტაციაც (და სავარაუდოდ არქივიც) ინახებოდა. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |